მოგესალმებით, მე გიორგი ბაქრაძე გახლავართ, ამ საიტის და გაკვეთილების ავტორი. მოხარული ვარ რომ ჩემით დაინტერესდით.

გიორგი ბაქრაძე

ბავშვობიდან მიზიდავდა კალკულატორები, პატარა სათამაშო კომპიუტერები (გახსოვთ ალბათ ორი ფერის იყო ხოლმე, შავი და თეთრი, ტეტრისი მიყვარდა და ჩემს მეზობლებს ვეჯიბრებოდი).

მომწონდა ტელევიზორის არხების გადამრთველიც კი, მოკლედ, ისეთი ნივთები, რომელთაც კლავიატურა თუ არა რამოდენიმე ღილაკი მაინც ჰქონდათ. პირველი შეხება პერსონალურ კომპიუტერთან 13 წლის ასაკში მომიხდა, როდესაც სახლში მოიტანეს ეს "უცნაური" ნივთი. მანამდე არასდროს მენახა (იმ დროს იშვიათი რამ იყო), გაგონილი მქონდა მხოლოდ და ვიცოდი რომ უამრავი რამის კეთება შეიძლებოდა ამ "ყუთის" გამოყენებით.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით რომ სულ მალე კომპიუტერი ჩემი გართობის ინსტრუმენტად იქცა. ისე დამემართა, როგორც ბავშვების უმეტესობას. დროის დიდ ნაწილს თამაშს ვუთმობდი. რომ არა მამაჩემი, ალბათ ამ საიტს არ გავაკეთებდი და არც გაკვეთილებს ჩავწერდი. მისი დაჟინებული ჩარევის შედეგად დავწერე პირველი პროგრამა (პასკალზე) და მივხვდი, რომ მეძლეოდა კომპიუტერის, ტექნიკის ამ საოცრების სურვილამებრ მართვის შესაძლებლობა.

ამჟამად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ვსწავლობ ყველაფერს, რაც ამ სფეროს შეეხება. გადავწყვიტე რომ ჩამეწერა გაკვეთილები და ასეთი ფორმით ყველა მსურველისთვის გამეზიარებინა ამ ხნის განმავლობაში მიღებული მცირეოდენი გამოცდილება.

იმედი მაქვს, შრომა ფუჭად არ ჩამივლის და ჩემი გაკვეთილები გამოგადგებათ. გისურვებთ წარმატებებს.

პატივისცემით, გიორგი ბაქრაძე.