HowToCode

პროგრამირების შესასწავლი უფასი ვიდეო გაკვეთილები ქართულად

ჰაკათონი

ჰაკათონის შემდეგ მხოლოდ ახლა მოვიცალე, რომ ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ ვინც არ ყოფილხართ.

დავიწყებ ორგანიზატორებით, ყველაფერს ეტყობოდა ძალიან დიდი შრომის და ძალისხმევის კვალი. შემთხვევით შექმნილ პრობლემაზე დროულად რეაგირებდნენ და რაც მთავარია მუდმივად ზრუნავდნენ მონაწილეებზე. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს.

ახლა ისეთ ნაწილზე გადავალ რამაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და მინდა იმ უპირატესობებზე დავწერო რაც ჰაკათონში მონაწილეობას ახლავს თან.

პირველ რიგში ეს არის შანსი იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოსცადოთ მეტნაკლებად ექსტრემალურ სიტუაციაში და ნამდვილი ტესტი მოუწყოთ თქვენს პროგრამისტულ უნარებს. თუკი დაკვირვებული იქნებით, ჰაკათონის დასრულების შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ რა მიმართულებით იმუშაოთ საკუთარ შესაძლებლობებზე, რომ განვითარდეთ.

მე პირადად კიდევ ერთხელ შემახსენა მონაწილეობამ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა შედეგის მისაღებად. თუკი დამოუკიდებელი "ფრილანსერი" ხართ შესაძლოა თქვენც გჭირდებათ ამის შეხსენება. დიდი საქმეები მარტო არ კეთდება და ეს ძალიან კარგად ჩანს ჰაკათონზე.

რაც შეეხება ურთიერთობებს, გაქვთ შესაძლებლობა რომ უამრავი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი გაიცნოთ. გარდა ამისა ეს პროცესი განსაკუთრებით აახლოებს გუნდის წევრებს. ჰაკათონი ერთმანეთის უკეთ გაცნობის უნიკალური შანსია.

და ბოლოს, თუკი ვერ გაიმარჯვებთ (ჩემსავით), კიდევ ერთხელ გაანალიზებთ, რომ მთავარია შექმნის პროცესი და მონაწილეობის მიღება, ამას იმიტომ არ ვწერ რომ გული დაიმშვიდოთ. ჰაკათონში მონაწილეობის შედეგად მიღებული პროფესიული თუ პიროვნული ზრდა იმდენად ღირებულია, რომ ნებისმიერ მატერიალურ პრიზზე გაცილებით ძვირფასია. ასე რომ შემდეგში აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა, ამით თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდება.