HowToCode

პროგრამირების შესასწავლი უფასი ვიდეო გაკვეთილები ქართულად

OpenCart - პირველი შთაბეჭდილებები

OpenCart - პირველი შთაბეჭდილებები

ზოგადად არ ვწყალობ ხოლმე "მზა" გადაწყვეტილებებს (joomla, drupal და ა.შ მიხვდით ალბათ), განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ძალიან მარტივ ამოცანებს ეხება. თუმცა დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა და პარალელურ რეჟიმში მუშაობამ, წამახალისა რომ OpenCart გამომეყენებინა. ეს პოსტიც სწორედ ჩემს პირველ შთაბეჭდილებებს ეხება.

პროექტი რომელშიც ვიყენებ, საკმაოდ მარტივი პროდუქციის კატალოგია, ონლაინ გადახდების შესაძლებლობით და რამდენიმე გვერდით (თუ ისეთი გამოვიდა როგორიც საჭიროა, ლინკსაც დავდებ სადმე). როცა შესრულებას ვიწყებდი, პირველი "მზა სოლუშენი" magento აღმოჩნდა. თუმცა მცირე კვლევის შემდეგ გაირკვა რომ მისი გამოყენება ასეთი მცირე პროექტისთვის, ზედმეტი თავისტკივილი იქნებოდა. სწორედ ამ დროს წავაწყდი OpenCart-ს და ვფიქრობ ძალიანაც გამიმართლა.

დავიწყოთ იმით, რომ ის ორიენტირებულია არა-დეველოპერებზე. ამის გამო "ინსტალაციის" პროცესი "ნექსთ, ნექსთ" ღილაკზე დაჭერის სირთულისაა. ყველაფერი მაქსიმალურად ისეა მოწყობილი რომ კოდში ქირურგიული ჩარევის გარეშე მოარგო საკუთარ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამართავ პანელში უუუუუამრავი პარამეტრია, თითქმის ყველაფრის დაკონფიგურირება შეიძლება.

დოკუმენტაციას რაც შეეხება, საწყისი ეტაპისთვის ყველაფერი ვნახე რაც მჭირდებოდა. მარტივი და გასაგები ენით არის ახსნილი, ჯერ ინსტალაციის პროცესი, შემდეგ სამართავი პანელის შესაძლებლობები (თუმცა ამის წაკითხვა დამეზარა და ჩემს ინტუიციას მივენდე).

პირველი ამოცანა რაც გაჩნდა, სერვერზე ატვირთვის და საწყისი ექსპერიმენტების შემდეგ, ეს იყო სასურველი დიზაინის მორგება. ამ შემთხვევაშიც OpenCart საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა და ThemeForest -ზე საჭირო თემას ადვილად მივაგენი. რამდენიმე დიზაინის მორგება ვცადე და რატომღაც ყოველ ჯერზე ახლიდან მომიწია მთლიანი სისტემის წაშლა და შემდეგ დაინსტალირება. როგორც ჩემი ინტუიცია მკარნახობს ყოველ თემას თავისი ცვლილებები შეაქვს სისტემაში, რის შემდეგაც რაღაცები "ირევა". უფრო მეტიც, სტანდარტულ დიზაინზე დაბრუნება რომ ვცადე, იმდენი "ვორნინგი" ამოყარა, ცოტა შევშინდი. თან როგორც გაირკვა, დიზაინები ვერსიების შესაბამისად უნდა მოერგოს. სხვა სისტემებში როგორ არის არ ვიცი, თუმცა ეს მაინცდამაინც არ მომეწონა.

შემდეგი საკითხი ენის პრობლემას შეეხება. გავარკვიე რომ მრავალი ენის მხარდაჭერა შესაძლებელია. "ლენგვიჯ" ფაილებში ჩავიხედე და ვნახე რომ სტანდარტული სიტყვების გადათარგმნის შემდეგ ქართული ენის მიმაგრებაც შეიძლება. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენს ერთ-ერთ თანამემამულეს (გაახარებს ღმერთი) უკვე გადაუთარგმნია და OpenCart-ის "ექსთენშენების" გვერდზე მიუმაგრებია.

ამ ეტაპზე სულ ეს არის. ვფიქრობ საბოლოოდ ყველაფერი დაემგვანება იმას, რასაც უნდა გავდეს. თუმცა ჯერჯერობით რამდენიმე საკითხი მაქვს გადასაწყვეტი:

  • როგორ მოვახერხო ისე, რომ ლართან მიმართებაში დოლარის კურსი შესაბამისად აისახოს საიტზე ავტომატურად
  • ქართულ ბანკებს აქვთ თუ არა საჭირო "ექსთენშენები" რომ გადახდები მარტივად მივაბა (თუ არ აქვთ, ჩემით მომიწევს მიბმა)

თქვენ თუ გამოგიყენებიათ აქამდე ?