HowToCode

პროგრამირების შესასწავლი უფასი ვიდეო გაკვეთილები ქართულად

3 მიზეზი იმისა თუ რატომ შეიძლება მოგვინდეს php-ს რომელიმე ფრეიმვორკის გამოყენება

მახსოვს როცა პირველი საიტი გავაკეთე (php-ზე) 16 წლის ვიყავი, მას შემდეგ სულ ვცდილობდი მუდმივად გამეუმჯობესებინა ჩემს მიერ დაწერილი კოდი, ხან საკუთარ CMS-ებს ვიგონებდი, ხანაც კუსტარულ ფრეიმვორკებს ვაწყობდი და მერე ურცხვად ვტესტავდი კომერციულ პროექტებზე, ერთი სიტყვით ძალიან ბევრ ექსპერიმეტნს ვატარებდი. მიღებული გამოცდილების შედეგად, გამიჩნდა რამდენიმე იდეა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება მოგვინდეს რომელიმე ფრეიმვორკის გამოყენება.

დროის ეკონომია

ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა რამდენიმე პროექტზე გიწევს პარალელურად მუშაობა, ექსპერიმენტების ჩასატარებლად აღარ გცალია. ორიენტირებული ხარ იმაზე რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულო პროექტი, თან ხარისხიანად. ფრეიმვორკის შესწავლაზე შესაძლოა უფრო მეტი დრო დახარჯო გარკვეულ ეტაპზე, თუმცა სამომავლოდ ხელში შეგრჩება ინსტრუმენტების დიდი კოლექცია, კოდის ფრაგმენტების სახით, რომლებიც სტანდარტული ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენება. ამ დროს თითქოს კონსტრუქტორის როლს ითავსებ და სასურველ მოდულებს პროექტის შესაბამისად აწყობ, ეს კი საშუალებას გაძლევს პარალელურად იმუშაო რამდენიმე პრეოქტზე.

გატესტილი, საიმედო კოდი

როგორც უკვე გითხარით, დროის ეკონომიას იწვევს წინასწარ, სხვა პროგრამისტების მიერ დაწერილი კოდის ნაწილები. თითქმის არაფრის მოგონება გიწევს ახლიდან, უბრალოდ ეს ნაწილები უნდა დააკავშირო ერთმანეთთან. თუკი ფრეიმვორკს არსებობის დიდი ისტორია აქვს, ეს კოდის ფრაგმენტები რასაც ვიყენებთ უკვე მრავალჯერ არის გატესტილია სხვა პროგრამისტების მიერ და დიდი ალბათობით საკმაოდ საიმედოა. ეს შესაბამისად ამცირებს ხარვეზების რაოდენობას პროექტში, ჩვენ მხოლოდ პასუხისმგებელი ვართ კოდის იმ მცირე ნაწილის ტესტირებაზე რაც მოდულების დასაკავშირებლად გამოვიყენეთ. მარტივად რომ ვთქვათ სხვების მიერ დაგროვილ გამოცდილებას და დახარჯულ დროს ჩვენს სასარგებლოდ ვიყენებთ.

სხვებისთვის გასაგები კოდი

მიუხედავად ზევით აღნიშნული უპირატესობებისა, ფრეიმვორკების გამოყენებისას აუცილებელია წინასწარ განსაზღვრული წესების დაცვა, ამ წესებს გვთავაზობს მისი შემქმნელი. ეს შესაძლოა თავისუფლებას მიჩვეულმა ზოგიერთმა პროგრამისტმა ნაკლად ჩათვალოს, ან სულაც უარი თქვას მის გამოყენებაზე. მაგრამ თუკი ფრეიმვორკი პოპულარულია პროგრამისტებში, აღმოჩნდება რომ ჩვენს მიერ დაწერილი კოდი სხვა ბევრი დეველოპერისთვის გასაგებია. ასეთ შემთხვევაში პროექტის მხარდაჭერა და განვითარება შედარებით იოლია.

სულ ეს იყო, თქვენ თუ იყენებთ რომელიმე ფრეიმვორკს და რატომ?