HowToCode

პროგრამირების შესასწავლი უფასი ვიდეო გაკვეთილები ქართულად

სწავლა, პრაქტიკა და სიამოვნება

უნიში წითელ-შავ ხეებს ვსწავლობდით, სწავლის პროცესში პროგრამირებასთან დაკავშირებულმა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა საკითხმა შემახსენა თავი.

დავიწყებ იმით რომ, მიუხედავად ამდენი პრაქტიკისა, მაინც საკმაო დრო და ენერგია დამჭირდა იმისთვის, რომ აღნიშნული თემა შემესწავლა, მეტნაკლებად საფუძვლიანად. სწორედ ეს მომწონს ამ სფეროში, რომ ყოველთვის არის რაღაც, რაც არ იცი, რთულია და შენი შესაძლებლობების ფარგლებს სცდილდება. ეს კი გაძლევს შანსს, რომ მუდმივად წახვიდე წინ და განვითარდე.

უნიში ეს საკითხები მხოლოდ თეორიულად მოგვეთხოვება და ფურცელზე წერაც საკმარისია. თუმცა პროგრამისტის საქმე მეტად მაინც პრაქტიკაზეა ორიენტირებული. ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა წითელი შავი ხეების ვიზუალიზაცია, პირდაპირ ჯავასკრიპტში (ჩამატება, წაშლა, შემთხვევითი ხეების გენერირება). აი პირველადი ვერსია აქ შეგიძლია ნახოთ. აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად ეს ყველაფერი უფრო რთული ყოფილა, ვიდრე ფურცელზე და წიგნში. იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა რამდენ წიგნს, სტატიას თუ პოსტს წაიკითხავთ, ან ვიდეო კურსს უყურებთ, პრაქტიკას მაინც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს თქვენს პროგრესში.

და ბოლოს, მიუხედავად სირთულისა, შექმნის პროცესი საოცრად სასიამოვნო იყო. გინახავთ ალბათ, ბავშვს რომ ახალ სათამაშოს უყიდიან და გახარებულია, დაახლოებით მსგავსი შეგრძნება მქონდა. ამან კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მხოლოდ კარგი ხელფასი საკმარისი მოტივაცია არ არის. წინ რომ წახვიდე, ზედმეტი უნდა გააკეთო და თავი "შეიწუხო", ზედმეტს კიდევ არ გააკეთებ თუკი შექმნის და წერის პროცესი, ოდნავ მაინც არ აღგაფრთოვანებს.